ადამიანის უფლებები
/
20.02.2026
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: ისრაელის ტყვეობაში პალესტინელი ჟურნალისტები წამებასა და სექსუალურ ძალადობას განიცდიან
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ახალი ანგარიშის თანახმად, ათობით პალესტინელი ჟურნალისტი, რომლებიც ისრაელის ხელისუფლებამ დააკავა, წამების, სექსუალური ძალადობისა და შიმშილის მსხვერპლი გახდა. ანგარიში აშშ-ში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიერ დაკავებული მედია პროფესიონალების 59 ჩვენების საფუძველზე მოამზადა. CPJ-ის ცნობით, ისრაელმა ორწლიანი ომის განმავლობაში სულ მცირე 94 პალესტინელი ჟურნალისტი დააკავა, რომელთაგან ბევრს ბრალი არ წაუყენებიათ და ადმინი
აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ (CPJ) ანგარიში აღწერს მედია პროფესიონალების შემთხვევებს, რომლებიც ისრაელმა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავა. ისრაელი არაერთხელ უარყოფდა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობებს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ახალი ანგარიში ვარაუდობს, რომ ათობით პალესტინელი ჟურნალისტი წამების, სექსუალური ძალადობისა და შიმშილის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც ისინი ისრაელის ხელისუფლებამ დააკავა ღაზაში ისრაელსა და ექსტრემისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის ორწლიანი ომის დროს. აშშ-ში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მან შეაგროვა 59 ჩვენება მედია პროფესიონალებისგან, რომლებიც ისრაელმა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავა. მხოლოდ ერთი ჩვენების გარდა, ყველა დანარჩენი ძალადობას აღწერდა. ორგანიზაციის ცნობით, ისრაელმა ორწლიანი ომის განმავლობაში სულ მცირე 94 პალესტინელი ჟურნალისტი და ერთი მედია მუშაკი დააკავა. დაკავებულთაგან 60 უკანონოდ ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან იყო, 33 კი - ღაზის სექტორიდან. დაკავებული ჟურნალისტების უმრავლესობას, კერძოდ 48 მათგანს, არანაირი დანაშაული არ ედებოდა ბრალად. ისრაელი მათ ე.წ. ადმინისტრაციული დაკავების ფარგლებში აკავებს, რაც გულისხმობს პალესტინელების დაპატიმრებას სასამართლოს გარეშე და ბრალდებებისგან თავდაცვის შესაძლებლობის გარეშე. ზოგიერთი დაკავებული ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე. ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰამოქედის“ (Hamoked: Center for the Defense of the Individual) ცნობით, 2026 წლის თებერვლისთვის, ადმინისტრაციულ დაკავებაში 3,358 პალესტინელი იმყოფებოდა. მათგან 3,308 სასამართლოს ელოდებოდა, ხოლო 1,249 კლასიფიცირებული იყო როგორც „არალეგალური მებრძოლი“. ეს კატეგორია, ისრაელის კანონმდებლობის მიხედვით, ძირითადად ეხება ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ომის ტყვედ დაკავების კრიტერიუმებს. ათ სხვა ჟურნალისტს კი ბრალი ედებოდათ აჯანყების წაქეზებაში, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ან ტერორიზმის ხელშეწყობაში. CPJ-ის ცნობით, ხუთშაბათის მდგომარეობით, 30 ჟურნალისტი კვლავ ისრაელის პატიმრობაში რჩება. გაეროს მონაცემებით, ისრაელის ორწლიანი ომის დროს ღაზაში 200-ზე მეტი მედია პროფესიონალი დაიღუპა. ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე ჩვენება, რომელიც შეიცავს სექსუალური, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის დეტალურ აღწერას. ერთ-ერთი ასეთი ჩვენება ეკუთვნის აჰმედ აბდელ აალს. აბდელ აალმა, რომელიც CPJ-ის ვებგვერდის ცნობით, ჰამასთან დაკავშირებულ საინფორმაციო სააგენტო „შეჰაბში“ მუშაობს, განაცხადა, რომ ის ხუთდღიანი პერიოდის განმავლობაში, თვალებახვეული, გაშიშვლებული და ნაცემი იყო, რა დროსაც მაღალ ხმაზე უკრავდნენ ხმამაღალ მუსიკას. აბდელ აალის თქმით, მას ელექტროშოკებით ან დარტყმებით აღვიძებდნენ ყოველ ჯერზე, როდესაც გონების დაკარგვასთან ახლოს იყო. კიდევ ერთი პალესტინელი ჟურნალისტი, რომელმაც განმეორებითი დაკავების შიშის გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღწერა, თუ როგორ მიაბეს ჯარისკაცებმა მას სასქესო ორგანოები საკაბელო ბორკილებით და სცემეს. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ჯარისკაცებმა უთხრეს: „შენ კაცი აღარ იქნები“. ანგარიშში მოცემული სხვა ჩვენებები მოიცავს ძალადობასა და ფსიქიკურ წამებას, მათ შორის ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის ვიზიტის შემდეგ, რომლის ოფისიც ზედამხედველობს ისრაელის ციხეების სამსახურის მუშაობას. ბენ-გვირი ხშირად საუბრობდა პალესტინელი პატიმრებისთვის დაწესებულ მკაცრ პირობებზე მას შემდეგ, რაც თანამდებობა დაიკავა 2022 წლის დეკემბერში. ჰამასის დაჯგუფების მიერ ღაზაში დაკავებულმა ზოგიერთმა ისრაელელმა მძევალმა, გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ბენ-გვირის ტრაბახმა პალესტინელი პატიმრების მოპყრობაზე, მათი გამტაცებლები აიძულა საპასუხოდ უარესი პირობები დაეწესებინათ. მიუხედავად იმისა, რომ CPJ-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ შეეძლო თითოეული ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება, მსგავსი ჩვენებები არაერთხელ გახდა საჯარო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მიერ, ისრაელის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებული პალესტინელი პატიმრების დაკავების პირობებთან დაკავშირებით. იანვრის თვეში ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაცია „ბ'ცელემის“ (B'Tselem) ანგარიში სახელწოდებით „ცოცხალი ჯოჯოხეთი“ მსგავს აღწერილობებს მოიცავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იული ნოვაკმა DW-ს განუცხადა, რომ ისრაელის ციხეები „წამების ბანაკების ქსელად“ იქცა. ერთ შემთხვევაში, რამაც ისრაელსა და მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ისრაელის მედიის მიერ გასაჯაროებულ კადრებში, სავარაუდოდ, ჯარისკაცები სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდნენ პალესტინელ დაკავებულზე სდე ტეიმანის დაკავების ცენტრში 2024 წლის ივნისში. ისრაელის ულტრამემარჯვენე მხარდამჭერებმა, მათ შორის მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანმა, შემდეგ ალყა შემოარტყეს როგორც სდე ტეიმანს, ასევე ბეიტ ლიდის სამხედრო სასამართლოს, იმ რეზერვისტების სოლიდარობის ნიშნად, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ძალადობაში. რეზერვისტებს ბრალი ედებათ სდე ტეიმანში, ვიდეოში აღბეჭდილი პალესტინელი მამაკაცის გაუპატიურებასა და სასტიკ მოპყრობაში. მისი დაზიანებები იმდენად სერიოზული იყო, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ეს საქმე ისრაელის სასამართლოებში კვლავ განიხილება. 2025 წლის ნოემბერში, გაზეთმა „ჰაარეცმა“ (Haaretz) განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ამ მამაკაცის ღაზაში გათავისუფლება, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების გარიგების ფარგლებში, ისე, რომ მან ჩვენება არ მისცა ხელისუფლებას, ზრდის იმის ალბათობას, რომ ბრალდებები მოიხსნება. ისრაელის მთავრობამ და მისმა ოფიციალურმა ციხის სამსახურმა არაერთხელ უარყვეს ქვეყნის ციხეებში ძალადობის შესახებ ცნობები.
#სექსუალური ძალადობა
#ისრაელი
#პალესტინა
#დასავლეთ სანაპირო
#ადამიანის უფლებები
#ჰამასი
#ღაზა
#ჟურნალისტები
#ადმინისტრაციული დაკავება
#cpj
#წამება
წყარო: www.dw.com
გაზიარება