საერთაშორისო პოლიტიკა
/
20.02.2026
ტრამპის „მშვიდობის საბჭო“ ღაზას დახმარების პაკეტისთვის $7 მილიარდზე მეტს აგროვებს
დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ წევრმა ქვეყნებმა ღაზას „დახმარების პაკეტისთვის“ $7 მილიარდზე მეტი გამოყვეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება ორგანიზაციის პირველ შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ბევრმა დასავლელმა მოკავშირემ გაეროს ჩანაცვლების შიშით უარი თქვა გაწევრიანებაზე. აშშ-ის შუამავლობით შექმნილი ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მეორე ფაზა მოიცავს ჰამასის განიარაღებასა და ღაზას აღდგენას. ტრამპის თქმით, ჰამასი სავარაუდოდ განიარაღდება, თუმცა პალესტინური ჯგუფის მხრიდან ამის ნიშნები ცოტაა. ისრაელი კი აცხა
„დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ წევრმა რამდენიმე ქვეყანამ ღაზას „დახმარების პაკეტისთვის“ 7 მილიარდ დოლარზე მეტი (5.2 მილიარდი ფუნტი) გამოყო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპმა ეს განცხადება ორგანიზაციის პირველი შეხვედრის დროს გააკეთა, რომელსაც აშშ-ის ბევრმა დასავლელმა მოკავშირემ გაწევრიანებაზე უარი უთხრა. მათი შიშით, ეს ორგანო, რომელიც თავდაპირველად ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დასრულებას უნდა დახმარებოდა, შესაძლოა, გაეროს ჩანაცვლებას ისახავს მიზნად.
აშშ-ის შუამავლობით შექმნილი ღაზას ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მეორე ფაზა მოიცავს ჰამასის განიარაღებასა და ღაზას აღდგენას. „როგორც ჩანს, ჰამასი განიარაღდება“, – განუცხადა ტრამპმა მონაწილეებს. თუმცა, პალესტინური დაჯგუფების განიარაღების ნიშნები ცოტაა. ღაზის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ჰამასი ზოლზე კონტროლს აფართოებს.
„მშვიდობის საბჭოს“ ხუთშაბათის სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი „დათანხმდა თავის მოკავშირე აშშ-ს, რომ ღაზას რეკონსტრუქცია არ განხორციელდება ღაზას დემილიტარიზაციამდე“. ომი გამოიწვია ჰამასის მიერ სამხრეთ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმამ, რომლის დროსაც დაახლოებით 1 200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს. ისრაელმა თავდასხმას ღაზაში სამხედრო კამპანიით უპასუხა, რომლის დროსაც, ტერიტორიის ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 72 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ანკლავის ეკონომიკა ნანგრევებშია, შენობები და ინფრასტრუქტურა დიდწილად განადგურებულია. გაერო ზიანის ღირებულებას 70 მილიარდ დოლარად აფასებს.
დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, საფრანგეთმა და გერმანიამ უარი განაცხადეს გასულ თვეში შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე. იმის საპასუხოდ, რომ ორგანიზაცია გაეროს გვერდის ავლის მცდელობად აღიქმებოდა, ტრამპმა ვაშინგტონში საბჭოს პირველ შეხვედრაზე განაცხადა: „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ გაერთიანებულ ერებთან, ჩვენ მათ დავაბრუნებთ“. ღაზა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „აღარ არის რადიკალიზმისა და ტერორის კერა“.
„და ამის დასასრულებლად, დღეს გვაქვს, და მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ, ბაჰრეინმა, ყატარმა, საუდის არაბეთმა, უზბეკეთმა და ქუვეითმა ერთობლივად $7 მილიარდზე მეტი გამოყვეს დახმარების პაკეტისთვის“. „დახარჯული ყოველი დოლარი სტაბილურობაში ინვესტიციაა“, – თქვა მან და დასძინა, რომ გაერო 2 მილიარდ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIFA კი 75 მილიონ დოლარს მოაგროვებს ზოლში ფეხბურთთან დაკავშირებული პროექტებისთვის.
ნიკოლაი მლადენოვმა, ბულგარელმა პოლიტიკოსმა, რომელსაც საბჭოს ფარგლებში ღაზას მაღალი წარმომადგენლის ტიტული მიენიჭა, განაცხადა, რომ ახალი გარდამავალი პალესტინური პოლიციის ძალების დაკომპლექტების პროცესი დაიწყო და „სულ რამდენიმე საათში უკვე 2 000 განაცხადი გვაქვს“. მაგრამ ისრაელიც და აშშ-ც დაჟინებით მოითხოვენ, რომ ეს ძალა არ უნდა დაკომპლექტდეს ჰამასის კონტროლირებადი არსებული პოლიციისგან მკაცრი შემოწმების გარეშე, არც სურთ, რომ ის უბრალოდ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ავტონომიის უსაფრთხოების ძალებისგან შედგებოდეს.
ეს ნიშნავს ყველაფრის ნულიდან დაწყებას, რაც უზარმაზარი ამოცანაა.
მლადენოვმა ადრე განაცხადა, რომ პალესტინური პოლიციის ძალები უნდა იყოს ღაზას მთავარი უსაფრთხოების სააგენტო, რომელსაც დაეხმარება საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები (ISF), და არა პირიქით.
აშშ-ის გეგმის მიხედვით, ISF იმუშავებს ისრაელთან და ეგვიპტესთან, ასევე ახლად გაწვრთნილ და შემოწმებულ პალესტინურ პოლიციის ძალებთან ერთად, რათა დაეხმაროს სასაზღვრო ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფების, მათ შორის ჰამასის, მუდმივი განიარაღების პროცესს. თუმცა, მლადენოვმა განაცხადა, რომ ცოტაა მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი ძალა შეძლებს ჰამასისა და სხვა პალესტინური ფრაქციების განიარაღების ზედამხედველობას.
ამასობაში, შეხვედრაზე არ იყო არანაირი ნიშანი იმისა, რომ ჰამასი მზად იყო იარაღის გადასაცემად, მიუხედავად ტრამპის ოპტიმიზმისა და მუქარის კომბინაციისა ამ საკითხზე.
ამ დროისთვის, ჰამასი საჯაროდ აცხადებს, რომ იარაღის გადაცემა დამოკიდებულია – სულ მცირე – ისრაელის ღაზადან გასვლაზე. ამ საკითხზე პროგრესი გადამწყვეტია, რადგან ტრამპის რეკონსტრუქციისა და მმართველობის არცერთი წინადადება ვერ განხორციელდება უსაფრთხოების ძალის გარეშე, რომელსაც პალესტინის მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა ექნება, იმის გათვალისწინებით, რომ მისი როლი მოიცავს ღაზაში ძალის მონოპოლიის აღებას.
ვაშინგტონის შეხვედრა თავისთავად ტრამპის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესის მიდგომის დამახასიათებელი იყო მისი ორი ვადის განმავლობაში – პალესტინელების მომავალი ხშირად უძრავი ქონების განვითარებისა და მდიდარი ინვესტორების დაფინანსების პრიზმით იყო განხილული.
ამასობაში, ისრაელის ხელმძღვანელობა სიფრთხილით ეკიდებოდა ტრამპის ზოგიერთ მცდელობას, განსაკუთრებით კი თურქეთისა და ყატარის მისი საბჭოს სხდომებზე მიწვევას, რადგან ისრაელს არ სურს, რომ მათ ღაზას მომავლის გადაწყვეტილებებში წამყვანი როლი შეასრულონ.
ტრამპმა და მისმა გუნდმა დაიცვეს მისი არატრადიციული მიდგომა და განაცხადეს, რომ ეს კონფლიქტის გადასაჭრელად „ახალ აზროვნებას“ წარმოადგენს.
თუმცა, მლადენოვმა გააფრთხილა, რომ სწრაფი პროგრესის გარეშე, ღაზა ორ ტერიტორიად დარჩება გაყოფილი – ერთი ისრაელის ოკუპაციის ქვეშ, მეორე კი ჰამასის კონტროლის ქვეშ – და ასევე დასავლეთ სანაპიროსგან მოწყვეტილი, რაც მომავალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეუძლებელს გახდის და ვერ უზრუნველყოფს ვერც პალესტინელების და ვერც ისრაელების უსაფრთხოებას.
#ტრამპი
#ისრაელი
#პალესტინა
#გაერო
#ჰამასი
#ღაზა
#ახლო აღმოსავლეთი
#მშვიდობის საბჭო
#აღდგენა
#ცეცხლის შეწყვეტა
#დახმარება
წყარო: www.bbc.com
გაზიარება