მსოფლიო
/
26.02.2026
ფოტოგალერეა: რეკორდულმა წვიმებმა ბრაზილიაში წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია, 30 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია
ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რეკორდულმა წვიმებმა მასშტაბური წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია, რასაც 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 39 პირი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველები ნანგრევებში დაკარგულების მოსაძებნად მუშაობენ, ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მეხანძრე-მაშველებმა ტალახიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც რეკორდული წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 39 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მინას-ჟერაისის შტატში, სადაც ამ თვეში რეკორდული ნალექი დაფიქსირდა, ღამით მოსულმა უხვმა წვიმამ მდინარეები კალაპოტიდან გადმოუშვა, ქუჩები კი მღვრიე, ყავისფერი წყლის ნაკადებად იქცა.
შტატის მეხანძრე-მაშველების განცხადებით, სამშაბათს, ჟუის-დი-ფორასა და უბას ქალაქებში 30 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი გადაარჩინეს. მეხანძრეები და სამძებრო ძაღლები ნანგრევებში დაკარგული 39 ადამიანის მოსაძებნად მუშაობდნენ. ჟუის-დი-ფორას მთისპირა უბანში, 12 სახლი „მასშტაბურმა მეწყერმა“ წაიღო, განუცხადა AFP-ს სახანძრო სამსახურის მაიორმა დემეტრიუს გულარტმა. „ბევრი ადამიანი ღამით, წვიმის დროს, საკუთარ სახლში იმყოფებოდა“, – აღნიშნა მან. ჟუის-დი-ფორას მერმა, მარგარიდა სალომაომ, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. „ჩვენი მთავარი მიზანია ჰუმანიტარული დახმარების გარანტირება, ძირითადი სერვისების აღდგენა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება და აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერა“, – დაწერა პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ X-ზე (ყოფილი Twitter).
სალომაოს თქმით, მის ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლეობის მუნიციპალიტეტში რეკორდულად ყველაზე ნოტიო თებერვალი დაფიქსირდა, ჯამში 584 მმ ნალექით. მერის ოფისის ცნობით, დაახლოებით 3 000 ადამიანს მოუწია საკუთარი სახლების დატოვება. ზოგიერთი უბანი იზოლირებულია, მინიმუმ 20 მეწყერის გამო, განაცხადა სალომაომ და სიტუაციას „ექსტრემალური“ უწოდა. შტატის ხელისუფლებამ მუნიციპალურ სკოლებში სწავლა შეაჩერა.
ბოლო წლებში ბრაზილიამ არაერთი ტრაგედია განიცადა ექსტრემალური ამინდის მოვლენების გამო, მათ შორის წყალდიდობები, გვალვები და ინტენსიური სიცხის ტალღები. 2024 წელს, ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში უპრეცედენტო წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ორი მილიონი დაზარალდა, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური უბედურება იყო. ორი წლით ადრე, რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად მდებარე ქალაქ პეტროპოლისში წყალდიდობას 241 ადამიანი ემსხვერპლა. ექსპერტები ამ მოვლენების უმეტესობას კლიმატის ცვლილების შედეგებს უკავშირებენ.
#კლიმატის ცვლილება
#წყალდიდობა
#სტიქია
#ბრაზილია
#სამაშველო ოპერაცია
#მეწყერი
#მინას-ჟერაისი
#ჟუის-დი-ფორა
#რეკორდული წვიმა
წყარო: www.aljazeera.com
გაზიარება