პაკისტანური მედია იუწყება, რომ საზღვართან ახლოს, ბანუს ქალაქში მეჩეთს დრონი დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. საერთაშორისო მოწოდებები შუამავლობისკენ იზრდება, რადგან პაკისტანი და ავღანეთი მესამე დღეა ტრანსსასაზღვრო ბრძოლებში არიან ჩართულნი. ეს არის ყველაზე სერიოზული ძალადობის ესკალაცია მეზობლებს შორის ბოლო თვეების განმავლობაში, რასაც პაკისტანი „ღია ომად“ აფასებს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა შაბათს მოუწოდა ქვეყნებს, შეამცირონ დაძაბულობა და დაიწყონ მოლაპარაკებები, გააფრთხილა რა, რომ ძალადობამ შეიძლება ფართო რეგიონზე იქონიოს გავლენა. ირანმა, იორდანიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და რუსეთმა, ისევე როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, ასევე მოუწოდეს დეესკალაციისა და შუამავლობისკენ. ავღანეთის თალიბანის მმართველებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის კონფლიქტის დასასრულებლად. თუმცა, პაკისტანმა შაბათს განაცხადა, რომ „არ იქნება დიალოგი“ და გაიმეორა თავისი ხანგრძლივი მოთხოვნა, რომ ავღანეთმა შეწყვიტოს „ტერორიზმის“ მფარველობა – ბრალდება, რომელსაც ქაბული უარყოფს. „არ იქნება არანაირი მოლაპარაკება. არ არის დიალოგი. არ არის მოლაპარაკება. ტერორიზმი ავღანეთიდან უნდა დასრულდეს,“ – განუცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უცხოური მედიის საკითხებში, მოშარაფ ზაიდიმ, Pakistan TV-ს და ხაზი გაუსვა, რომ პაკისტანის პასუხისმგებლობაა დაიცვას თავისი მოქალაქეები და ტერიტორია. ამასობაში, დაძაბული საზღვრის მახლობლად ორმხრივი თავდასხმები მოხდა. ავღანური მედიის ცნობით, თალიბანის ძალებმა დრონებით შეუტიეს პაკისტანის სამხედრო ბანაკებს საზღვრისპირა რაიონებში, მირანშაჰსა და სპინვამში. პაკისტანის გაზეთმა Dawn-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონის თავდასხმა მოხდა ქალაქ ბანუში, სამხრეთით, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. Pakistan TV-ის ცნობით კი, პაკისტანის ძალებმა საკუთარი თავდასხმა განახორციელეს ავღანელი თალიბების რამდენიმე პოზიციაზე. უკანასკნელი ძალადობა გასულ უქმეებზე პაკისტანის მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ დაიწყო, რასაც ხუთშაბათს ავღანეთის საპასუხო თავდასხმები მოჰყვა პაკისტანის ექვს რაიონში. საპასუხოდ, პაკისტანმა პარასკევს გამთენიისას ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმები განახორციელა ავღანეთის დედაქალაქზე და ორ სხვა რეგიონზე – ყანდაარსა და პაქტიაზე. ეს იყო პაკისტანის პირველი საჰაერო დარტყმები თალიბანის ხელისუფლების სამხრეთ ბაზაზე მას შემდეგ, რაც ისინი 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ორივე მხარემ მძიმე დანაკარგების შესახებ განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებით. პაკისტანმა განაცხადა, რომ მისი 12 ჯარისკაცი და 274 თალიბი მოკლეს, ხოლო თალიბანის ცნობით, მათი 13 მებრძოლი და 55 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ვერცერთი მხარის განცხადება ვერ გადამოწმდა დამოუკიდებლად Al Jazeera-ს მიერ. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც პაკისტანს ნატოს არაწევრ მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს პაკისტანის უფლებას, „დაიცვას თავი თალიბანის თავდასხმებისგან“. პაკისტანში ბოლო წლებში ძალადობის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა, მათ შორის თვითმკვლელთა თავდასხმები და კოორდინირებული იერიშები უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ. პაკისტანის ხელისუფლება მრავალ თავდასხმაში პაკისტანელ თალიბებს, ანუ TTP-ს ადანაშაულებს და ავღანეთს ჯგუფის თავის ტერიტორიაზე შეფარვას უკიჟინებს. ქაბული უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ის არავის აძლევს უფლებას, გამოიყენოს ავღანეთის მიწა რომელიმე ქვეყანაზე, მათ შორის პაკისტანზე, თავდასხმებისთვის. პაკისტანი ბირთვული იარაღით არის აღჭურვილი და მისი სამხედრო შესაძლებლობები გაცილებით აღემატება ავღანეთისას. თუმცა, თალიბები ომის წარმოებაში დახელოვნებულები არიან, ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ ძალებთან ბრძოლამ ისინი გაამაგრა.