უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოთხშაბათს მეზობელ უკრაინასთან დაპირისპირებას „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ – მან კრიტიკულ ენერგოინფრასტრუქტურულ ობიექტებზე უსაფრთხოების გამკაცრება ბრძანა, კიევი კი უნგრეთის ენერგოსისტემის მოშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი ქმედებები იმ ფონზე ხდება, როდესაც უნგრეთი და სლოვაკეთი – ორივე ქვეყანა, რომლებმაც რუსეთთან კავშირები უკრაინაში შეჭრის მიუხედავად შეინარჩუნეს – კიევს ადანაშაულებენ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის შეფერხებაში, რომლითაც რუსული ნავთობი უკრაინის გავლით ამ ორ ქვეყანას მიეწოდება. კიევი, რომელსაც ორბანის ბოლო ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხია, აცხადებს, რომ ნავთობსადენი რუსული დრონების თავდასხმებმა დააზიანა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასობაში, ევროკავშირმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ არც უნგრეთს და არც სლოვაკეთს ნავთობის დეფიციტი არ ემუქრება, რადგან მათ მიწოდების ალტერნატიული წყაროები აქვთ. ორბანმა, რომელმაც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს (106 მილიარდი დოლარის) ოდენობის ევროკავშირის სესხი, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი შეაჩერა მანამ, სანამ კიევი ნავთობსადენს არ აღადგენს, განაცხადა, რომ შეფერხება „პოლიტიკური და არა ტექნიკური მიზეზებით“ იყო გამოწვეული. თავის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ორბანმა თქვა, რომ მას ჰქონდა სადაზვერვო ინფორმაცია უნგრეთის ენერგოსისტემისთვის შესაძლო შემდგომი შეფერხებების შესახებ. „ამიტომ, მე ბრძანება გავეცი კრიტიკული ენერგოინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განვათავსებთ ჯარისკაცებსა და მოწყობილობებს, რომლებიც აუცილებელია ძირითად ენერგეტიკულ ობიექტებთან თავდასხმების მოსაგერიებლად“, – განაცხადა მან. „პოლიცია გაძლიერებული ძალებით მოახდენს პატრულირებას განსაზღვრული ელექტროსადგურების, გამანაწილებელი სადგურებისა და საკონტროლო ცენტრების ირგვლივ“, – დასძინა ორბანმა. ორბანს თავისი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. პოპულისტმა მემარჯვენე ლიდერმა არაერთხელ დაადანაშაულა უკრაინა „შანტაჟში“, რათა ის აიძულოს, შეწყვიტოს კიევის დახმარების ღონისძიებებისადმი წინააღმდეგობა, სანამ ის რუსულ ძალებთან იბრძვის. მისი თქმით, უკრაინას სურს უნგრეთში ენერგოფასები გაზარდოს გადამწყვეტ 12 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელსაც ის „ომსა თუ მშვიდობას“ შორის არჩევნად აფასებს, იმ მტკიცებით, რომ მისი კონკურენტები ქვეყანას უკრაინულ კონფლიქტში ჩაითრევენ. ორბანი, ევროპის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მმართველი ლიდერი, და მისი პარტია „ფიდესი“ დამოუკიდებელი გამოკითხვების უმეტესობაში ჩამორჩებიან, ამჟამად ცენტრისტ-მემარჯვენე კონკურენტი, პეტერ მაგიარი, ფავორიტია. ექსპერტთა შეხვედრის შემდეგ, რომელზეც უნგრეთსა და სლოვაკეთში არსებული ვითარება განიხილეს, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას ნავთობის მიწოდების ალტერნატიული წყაროები აქვს, მაგალითად, ადრიის ნავთობსადენი, რომელიც ხორვატიაზე გადის. „ხორვატიამ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ არა-რუსული ნედლი ნავთობი ადრიის ნავთობსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში ტრანსპორტირდება“, – თქვა ანა-კაისა იტკონენმა. „ის რჩება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის საჭიროებების დასაფარად მთავარ ალტერნატიულ ნავთობსადენად, და მილსადენს აქვს საკმარისი მოცულობა, რომ სრულად დაფაროს უნგრული და სლოვაკური მოთხოვნები“, – დასძინა მან. უნგრეთი და სლოვაკეთი იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორის არიან, რომლებსაც რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტი არ შეუმცირებიათ ან არ შეუწყვეტიათ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა თითქმის ზუსტად ოთხი წლის წინ დაიწყო. ფაქტობრივად, მათ გაზარდეს კიდეც რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდება და დროებით გათავისუფლებულნი არიან ევროკავშირის წესებისგან, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს კრძალავს. ამასობაში, ევროკავშირი ცდილობს იპოვოს გზები, რათა უნგრეთის წინააღმდეგობა უკრაინისთვის ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით გვერდი აუაროს, რაზეც იტკონენმა განაცხადა, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბლოკი სესხს „ამა თუ იმ გზით“ გაატარებს, ბუდაპეშტის წინააღმდეგობის მიუხედავად. „ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ვარიანტი და მათ გამოვიყენებთ“, – თქვა მან. გერმანიისა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხშაბათს უნგრეთი მისი პოზიციის გამო გააკრიტიკეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპფულმა თქვა, რომ „შოკირებულია“ უნგრეთის ქცევით, რადგან მისი თქმით, ეს ქვეყნის „თავისუფლებისთვის ბრძოლის“ ღალატია. ამასობაში, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ გააფრთხილა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში „მოთმინება ძალიან სწრაფად იწურება“.