პოლიტიკოსი 18 წლის იყო, როდესაც ის და დედამისი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს იმ მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, რომელსაც ის ბიძად მიიჩნევდა. მომხდარმა მის მომავალზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა. ის საუბრობს ლეიბორისტული პარტიის პრობლემებზე, შეცდომებზე და იმაზე, თუ რატომ დადგა ბოლოს და ბოლოს დრო, რომ გაეზიარებინა საკუთარი ტრავმული ისტორია. (ამონარიდი ნაზ შაჰის მემუარებიდან) ნაზ შაჰი ამაღელვებლად მიიჩნევდა იმ მომენტს, როცა მკვლელობის ეჭვით დააკავეს. „გულახდილად გეტყვით, მსიამოვნებდა. ეს იყო ყველაზე დიდი მღელვარება, რაც ჩემს ცხოვრებაში განმიცდია. მანამდე არასდროს ვყოფილვარ პოლიციის განყოფილებაში. 18 წლის ვიყავი და გამოუცდელი. ვიყავი ესეთი დაცული ბავშვი, რომელიც დააკავეს. და ვფიქრობდი, რომ შეცდომაში იყვნენ, ამიტომ ჩემს თავში ყველაფერი მალე დამთავრდებოდა,“ – ამბობს ბრედფორდ ვესტის დეპუტატი. „ტანსაცმელი გამომართვეს და თეთრი კომბინეზონი მომცეს ჩასაცმელად, მე კი ვამბობდი: „ოჰ, ამაში მომხიბვლელად გამოვიყურები, არა? წარმოგიდგენიათ, ამით პაემანზე წამიყვანოთ?“ პოლიციის ოფიცრებთან ერთად გულიანად ვხალისობდი. მართლა, იმდენად გულუბრყვილო ვიყავი.“ შაჰის საყვარელი „ბიძა“ აზამი მოულოდნელად გარდაიცვალა 1992 წლის აპრილში. გაკვეთამ აჩვენა, რომ ის დარიშხანით იყო მოწამლული. შაჰმა და მისმა დედამ, ზოორამ, რომელიც ცოტა ინგლისურად ლაპარაკობდა, წინა ღამით ვახშამი მოამზადეს. ისინი დააკავეს და სხვადასხვა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შაჰი გაათავისუფლეს. ზოორამ აღიარა, რომ მან მოამზადა დესერტი, რომელიც დარიშხანს შეიცავდა. ერთთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 1993 წლის დეკემბერში მას აზამის მკვლელობისთვის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მღელვარება, რომელიც შაჰმა პოლიციის განყოფილებაში განიცადა, დიდხანს არ გაგრძელებულა. დედის გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. მაგრამ ის ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი გადამრჩენია. სკოლიდან 12 წლის ასაკში წამოსვლის, 15 წლის ასაკში იძულებითი ქორწინების და დედის დაპატიმრების შემდეგ ორი უმცროსი დედმამიშვილის აღზრდის მიუხედავად, ის ცნობილი აქტივისტი გახდა, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და პარლამენტის წევრია 11 წლის განმავლობაში. „საინტერესო ცხოვრება მქონდა,“ – ამბობს ის. შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში, აღმოვაჩინე, რომ შაჰს აქვს დახვეწილი უნარი, რთულ ამბებზე მსუბუქად საუბრის. ის ექვსი წლის იყო, როდესაც მისმა ცოლის მცემელმა, ჰეროინით მოვაჭრე მამამ დედამისი ახალგაზრდა ქალზე გადაცვალა, რამაც ოჯახზე სირცხვილი მოიტანა და ირიბად დედის გამამტყუნებელ განაჩენამდე მიიყვანა. შაჰის ისტორია ყოველთვის ცენტრალური იყო საზოგადოებასთან მის ურთიერთობაში. 2015 წელს ბრედფორდ ვესტში ჯორჯ გელოუეის წინააღმდეგ კენჭისყრამდე, მან გამოაქვეყნა ბლოგი თავისი ოჯახის ისტორიის შესახებ: თუ ის არ გააკონტროლებდა თავის ისტორიას, ის ექსპლუატაციისთვის გამზადებული იქნებოდა. მაგრამ მაშინ ის ამას ყვებოდა, როგორც აქტივისტი, რომელიც იბრძოდა დედის დასაცავად. ახლა ის ამას ღრმად პირადულად ყვება, როგორც ადამიანი, რომელმაც ეს საშინელებები გადაიტანა და მათ მიერ ჩამოყალიბდა. მის მემუარს „პატივი“ (Honoured) ჰქვია, რადგან მისთვის პატივია იყოს პარლამენტარი, გადარჩეს ყოველივეს, და მისი გულის გულში დევს ისლამური კონცეფცია „იზათი“, რაც არაბულად ღირსებას ნიშნავს. მაგრამ წიგნი ასევე მის პირქუშ ანტითეზისზე – უპატიოსნებაზეა. მის კულტურაში „იზათის“ გარეშე ოჯახი უღირსია. იმ დღეს, როდესაც მამამისი წავიდა, მათ ის დაკარგეს – და დედის მცდელობას, რომ ეს დაებრუნებინა, საშინელი შედეგები მოჰყვა. ჩვენ ვართ მის ბრედფორდის სახლში, მშვენიერ ქვის კოტეჯში. ცეცხლი გიზგიზებს, მისი კატა რუბი ჯოხებით თამაშობს და შაჰი ჩაის გვიკეთებს. ადრე მივედი და ის ჯერ კიდევ არ არის სრულად მზად. „მომეცით რამდენიმე წუთი. ხილი გინდათ? ტელევიზორი ჩავრთო? თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.“ მე ვზივარ და აღფრთოვანებული ვარ რუბის ოსტატობით და იმით, თუ როგორ შეცვალა შაჰმა თავისი ცხოვრება. მალე ის ბრუნდება, სრულად შეღებილი, ხელში სიგარეტის კოლოფით. „ხომ არ გაწუხებთ, თუ მოვწევ? როდესაც ბავშვები აქ არიან, სახლში მოწევა არ შემიძლია.“ შაჰს სამი შვილი ჰყავს მეორე ქმართან, რომელსაც ახლა დაშორებულია. ის ახლოს ცხოვრობს და მათ კარგი ურთიერთობა აქვთ. ვეკითხები, რას გრძნობს წიგნთან დაკავშირებით. „სადიქ ხანს შევხვდი წინადღეს,“ – ამბობს ის. ლონდონის მერი და ლეიბორისტული პარტიის ყოფილი დეპუტატი მისი მეგობარია, და მან მას წასაკითხად ხელნაწერი მისცა. „სადიქმა თქვა: „ეს ტრავმული იყო“ და ხელი მკერდზე მიიდო. მე ვუთხარი: „არა, კარგად ხარ!“ მან კი თქვა: „არა, ნაზ, ამის კითხვა ტრავმული იყო.“ რა თქვა მან მაშინ? „მე ვთქვი, ჰო.“ მას შეიძლება ისეთივე სიმტკიცე ჰქონდეს, როგორც პენინის მთებს, მაგრამ ვერავინ გაიგებს უკეთ, თუ რა გადაიტანა მან და მისმა ოჯახმა. 52 წლის შაჰმა წიგნის წერა 2017 წელს დაიწყო – შემდეგ კი ექვსი წლით გვერდზე გადადო: „განკურნება მჭირდებოდა, და მისი წერა ბევრ პრობლემას მიქმნიდა.“ ორი წლის წინ მას პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლოს და ბოლოს, ამბობს ის, მოუწია მისი დაწერა, რათა ყველაფერი გამოსულიყო მისი სისტემიდან და ეჩვენებინა ხალხისთვის, რომ შეგიძლია გადაიტანო უმძიმესი დროც კი. „ეს არ არის სევდიანი მემუარი,“ – ამბობს ის მებრძოლად. „მე აქ ვზივარ ჩემს სახლში, ბუხარი ანთია. ბუხრის ანთება და იმაზე არ ფიქრი, თუ რა ჟეტონი უნდა იყიდო ელექტროენერგიის ჩასართავად და შუქის დასატოვებლად, ეს ისეთი რაღაცებია, რასაც ვერ მიიღებ თავისთავად. იქამდე მისვლა, სადაც მივედი, სიძლიერეშია და არა სისუსტეში.“ შაჰი დაბალი და გამხდარია, მაგრამ ის მაგარი ჯიშისგან არის შექმნილი. „ჩემი ბრძოლა საშვილოსნოში დაიწყო. ანუ, რადგან გოგო დავიბადე, მამაჩემმა ხელში არ ამიყვანა.