მოსკოვმა უარყო პასუხისმგებლობა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე, მას შემდეგ, რაც ხუთმა ევროპულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ახალი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები ბაყაყის ტოქსინით მოწამვლაზე მიუთითებს. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ არ ვღებულობთ ასეთ ბრალდებებს, არ ვეთანხმებით მათ, მიგვაჩნია მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ. და ჩვენ მკაცრად უარვყოფთ მათ.“ ნავალნი რუსეთის ციხეში 2024 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მას „უეცარი სიკვდილის სინდრომი“ განუვითარდა, რაც გულის გაჩერების მრავალი განსხვავებული მიზეზის ზოგადი ტერმინია. გასულ შაბათ-კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადეს, რომ ნავალნის სხეულიდან აღებული ნიმუშების ანალიზმა გამოავლინა ეპიბატიდინი, უაღრესად ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყების საწამლავისგან არის მიღებული. „ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და მოხსენებული სიმპტომების გათვალისწინებით, მოწამვლა მისი გარდაცვალების ძალიან სავარაუდო მიზეზი იყო,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ასევე უარყო ეს მტკიცებულებები გასულ შაბათ-კვირას, უწოდა რა მათ „მხოლოდ პროპაგანდა, რომლის მიზანია ყურადღების გადატანა დასავლეთის აქტუალური საკითხებიდან.“ ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ, გასულ შაბათ-კვირას მიუნხენში, „POLITICO Pub“-ის ღონისძიების მონაწილეებს განუცხადა: „ის მოკლეს. ის ძალიან ახალგაზრდა იყო — 50 წელზე ნაკლების. მან უკანასკნელი წლები მტანჯველ პირობებში გაატარა… პუტინმა მოკლა იგი.“ მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სასამართლო ექსპერტიზის გამოძიებას. ნავალნი გადაურჩა მოწამვლის მცდელობას 2020 წელს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, FSB-მ განახორციელა. რუსეთმა მაშინაც უარყო მონაწილეობა.