მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის მხრიდან ტონის შერბილება ფრთხილად მიიღეს, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსთვის, მთავარი ამერიკის დამოუკიდებლობა და „ტრამპისეული ნარატივი“ იყო. მარკო რუბიოს სიტყვა კონფერენციაზე დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის თემებს არ გადაუხვევია. მან შაბათს განაცხადა, რომ ევროპას თავდაცვის ხარჯები და არმიის მშენებლობა უნდა დაეჩქარებინა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააფრთხილა, როგორც ეს ტრამპის ადმინისტრაციას ადრეც გაუკეთებია, რომ ევროპას „ცივილიზაციური წაშლის“ რისკი ემუქრებოდა. მან გამოთქვა ზოგადი მოსაზრება, რომ ახალ მსოფლიო წესრიგში არა ინსტიტუტები, არამედ სახელმწიფოები იქნებოდნენ ისინი, ვინც არასრულყოფილ სამყაროს სწორ გზაზე დააყენებდნენ. თუმცა, მისი ტონი ბევრად უფრო რბილი იყო, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ. დ. ვენსმა მსოფლიოს პოლიტიკური და თავდაცვის ლიდერების შეკრება შეარყია ევროპის მიდგომის გაკრიტიკებით სიტყვის თავისუფლების, იმიგრაციისა და უსაფრთხოების მიმართ. DW-ის მთავარმა საერთაშორისო კორესპონდენტმა რიჩარდ უოკერმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, რუბიო ცდილობდა შეექმნა „ტრამპისეული ნარატივი იმის შესახებ, თუ რა არის სინამდვილეში დასავლეთი“. „რუბიოს გზავნილი ბევრად უფრო თბილი ტონით იყო გადმოცემული, ის ნამდვილად ცდილობდა ევროპელების გულებში გამოძახილი ეკოპვა, საერთო მიზნის შეგრძნების შესაქმნელად, თითქმის, ერთიანი თეორიის შესაქმნელად, რომელიც უსაფრთხოებას დასავლეთის... განსხვავებულ იდეას უკავშირებს“, – განმარტა უოკერმა. „აქ ბევრი ადამიანი, როგორც ჩანს, შვებით ამოისუნთქა, რომ ეს არ იყო ჯ. დ. ვენსის მსგავსი აგრესიული გამოსვლა, მაგრამ როდესაც ყურადღებით უსმენდით რუბიოს ნათქვამს, იქ ბევრი იყო ტრამპისეული შეხედულება ერზე, რომელიც მთელ გამოსვლაში გაჟღერდა.“ გასულ წელს გაიზარდა შიშები, რომ აშშ-ს ევროპიდან გასვლა სურს, ტრამპი დანიის ტერიტორიას, გრენლანდიას, უმიზნებდა თვალს და უფრო ღიად საუბრობდა გავლენის სფეროზე, რომელიც უფრო მეტად ამერიკებზე იქნებოდა ორიენტირებული. მაგრამ რუბიოს სიტყვა ევროპის მიმართ მხარდაჭერის შენარჩუნებას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი კვლავ ამტკიცებდა ტრამპისეულ შეხედულებას კლიმატის პოლიტიკისა და იმიგრაციის უარყოფით, რუბიომ აშშ „ევროპის შვილად“ წარმოაჩინა. მან დაძლია ერთი წლის განხეთქილება ატლანტის ოკეანის გაღმა საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობისა და ევროპული კავშირების გახსენებით, რომლებმაც აშშ ააშენეს. რუბიომ ასევე შეაქო ევროპელი პარტნიორები უკრაინისთვის სამშვიდობო შესაძლებლობების შექმნაში დახმარებისთვის, ხოლო გაერო-ს მიმართ კრიტიკულად განწყობილი დარჩა, როგორც ეფექტური დიპლომატიის ფორუმის. თუმცა, რუბიომ ასევე შეინარჩუნა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის თანმიმდევრული თემა – რომელსაც სხვა მსოფლიო ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პირველ დღეს, პარასკევს, გამოეხმაურნენ – რომ გლობალური წესრიგი შეცვლილია და აშშ დასავლური ღირებულებებისა და კულტურის ძლიერ მცველად წარმოაჩინა. „ჩვენ ამერიკაში არ გვაქვს ინტერესი, ვიყოთ თავაზიანი და მოწესრიგებული მომვლელები დასავლეთის მართული დაცემისა“, – განაცხრა რუბიომ. „ჩვენ არ ვცდილობთ განცალკევებას, არამედ ძველი მეგობრობის გაცოცხლებას და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ცივილიზაციის განახლებას.“ ცივილიზაცია შაბათ დილას მიუნხენში გარდაუვალი თემა იყო, რუბიომ ის თავის გამოსვლაში ათობითჯერ ახსენა, მოგვიანებით კი მისმა ჩინელმა კოლეგამ, ვანგ იიმ, შეეხო, რომელმაც ეს ტერმინი გამოიყენა როგორც ჩინეთის, ისე ევროპის პარტნიორ – და არა მეტოქე – ცივილიზაციებად აღსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ ვანგმა დელეგატებისადმი მიმართვაში განსხვავებული აქცენტები დასვა, გაეროსთან გლობალური მმართველობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა, რუბიომ გაიმეორა ტრამპის საგარეო პოლიტიკის „ერი უპირველეს ყოვლისა“ ხედვა და უარყო გაერო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ეფექტური არბიტრი. „რუბიო ბევრს ფიქრობს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონკურენციაზე“, – თქვა უოკერმა და დასძინა, რომ მიუხედავად შერბილებული ტონისა, რუბიომ გაიმეორა ვენსის გზავნილი, რომ ეროვნული სიძლიერის დემონსტრაციით „საქმეები კეთდება“ და არა ევროკავშირის მიერ წახალისებული „ლიბერალური, საერთაშორისო“ მიდგომით. „ევროკავშირისთვის, ის ძირითადი იდეები და რიტორიკა, რომელსაც რუბიო იყენებდა, სინამდვილეში საკმაოდ შემაშფოთებელია, რადგან ევროკავშირის მთელი არსი თითქმის იმაში მდგომარეობს, რომ ერის იდეას გასცდეს და არ ეცადოს ისეთი იდეების გამოხატვას, როგორიცაა, რომ დასავლეთი, როგორც რუბიომ თქვა, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ცივილიზაციაა.“ თავის მხრივ, რუბიო ცდილობდა ევროპა ცივილიზაციური თემის ამერიკულ მხარეს შეენარჩუნებინა, აღწერა საერთო დასავლური კულტურა, რომელიც „უნიკალური, გამორჩეული და შეუცვლელია.“ მან თქვა, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსის დასასრულის ხილვა „არც ჩვენი მიზანი და არც ჩვენი სურვილი იყო.“ მიუხედავად უფრო თბილი ნარატივისა, ვიდრე სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების, მათ შორის ტრამპის, განცხადებები 2025 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რუბიო აშკარად ადმინისტრაციის სცენარს მიჰყვებოდა. მან გაკიცხა ის, რასაც „კლიმატის კულტი“ უწოდა აშშ-ის მწვანე ტრანზიციიდან წიაღისეული საწვავის ინტერესებისკენ გადახვევის ფონზე, და თქვა, რომ ევროპას არ უნდა ეშინოდეს ტექნოლოგიების იმ დროს, როდესაც ევროკავშირი ცდილობდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ დამცავი მექანიზმების დანერგვას. ეს განსხვავებები ევროპელმა მოღვაწეებმა აღიარეს, რადგან მათ მიესალმნენ აშშ-ის ტონის ცვლილებას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა DW-ს მიუნხენში განუცხადა, რომ რუბიოს წინადადება იყო „...“