პოლიტიკა
/
22.02.2026
ლიონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის ხსოვნისთვის მსვლელობა გაიმართა, პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება
საფრანგეთში, ლიონში, ათასობით ადამიანი ქალაქში მოკლული ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის ხსოვნისთვის გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდა. 23 წლის დერანკი, რომელიც, სავარაუდოდ, ულტრამემარცხენე პარტია „დაუქვემდებარებელი საფრანგეთის“ (LFI) წინააღმდეგ პროტესტისას დაიღუპა, პოლიტიკური შეტაკების შედეგად სასიკვდილოდ სცემეს. ინციდენტმა ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა და საერთაშორისო რეაქციები გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია რამდენიმე პირი.
ათასობით ადამიანი ლიონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის პატივსაცემად მსვლელობაზე გამოვიდა. დერანკი ულტრამემარცხენე პარტია „დაუქვემდებარებელი საფრანგეთის“ (LFI) წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს თავდამსხმელთა ჯგუფმა სასიკვდილოდ სცემა.
შაბათს დაძაბულ მსვლელობაში დაახლოებით 3 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რათა პატივი მიეგოთ სტუდენტ კვენტინ დერანკისთვის, რომელიც გასულ კვირას პოლიტიკურ შეტაკებაში მოკლეს. მონაწილეთა უმეტესობას ნიღბები ეკეთა. მათ ასევე მიჰქონდათ ყვავილები და დერანკის ფოტოები წარწერებით: „სამართალი კვენტინს“ და „ექსტრემალური მემარცხენეობა კლავს“.
23 წლის აქტივისტმა თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც მას რამდენიმე ადამიმიანი თავს დაესხა ლიონში, ულტრამემარცხენე პარტია „დაუქვემდებარებელი საფრანგეთის“ (LFI) წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში. ინციდენტმა პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა და ყურადღების ცენტრში მოაქცია LFI და მისი ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი, რომელმაც ძალადობა დაგმო და უარყო, რომ მისი პარტია იყო მასზე პასუხისმგებელი.
დერანკის ხსოვნისადმი მიძღვნილ შაბათის მსვლელობის ზოგიერთ მონაწილეს თეთრი ტიტები ეჭირა და სტიკერები ჰქონდა გამოფენილი წარწერით: „კვენტინი, მოკლული მელანშონის მილიციის მიერ“. თავის მხრივ, ლიონის ზოგიერთმა მცხოვრებმა ფანჯრებიდან აბრები გადმოკიდა წარწერებით: „ლიონი ანტიფაა“ და „სიყვარული სიძულვილზე დიდია“.
საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, დერანკის მეგობარმა თქვა, რომ ის მსვლელობას „მისი ხსოვნის დასაცავად“ ესწრებოდა. აქტივისტის მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებდნენ მონაწილეობას აქციაში და, ოჯახის ადვოკატის თქმით, იმედოვნებდნენ, რომ ღონისძიება „ძალადობის გარეშე“ და „პოლიტიკური განცხადებების გარეშე“ ჩაივლიდა.
მსვლელობა ძალადობის გარეშე დასრულდა, თუმცა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პოლიცია იძიებს ნაცისტურ სალამს, ასევე რასისტულ და ჰომოფობიურ შეურაცხყოფებს, რომლებიც ღონისძიების დროს ვიდეოზე დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლიონის მერმა აქციის აკრძალვა მოითხოვა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ მას უნდა „დაებალანსებინა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და გამოხატვის თავისუფლება“. ნუნესმა ასევე თქვა, რომ მან დაგეგმა „პოლიციის უზარმაზარი განლაგება“, ქალაქგარე გაძლიერებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მკვლელობასთან დაკავშირებით სულ მცირე 11 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ულტრამემარცხენე პარლამენტარის თანაშემწე. მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შვიდ ეჭვმიტანილს წინასწარი ბრალდებები წაუყენეს. ამ საქმემ დაძაბულობა გაზარდა მარტში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნებისა და 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლის წინ.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) მომხრეებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ შაბათს გამართული აქციებისგან, თუმცა პარტიამ ასევე ულტრამემარცხენეობა საფრანგეთისთვის რეალურ საფრთხედ წარმოაჩინა. LFI-მ დაგმო მკვლელობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა „ყველას, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე“.
დერანკის სიკვდილმა საზღვარგარეთაც გამოიწვია მწვავე რეაქციები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მას „ტერორიზმი“ უწოდა და მზარდი „ძალადობრივი რადიკალური მემარცხენეობა“ დაადანაშაულა, ხოლო იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მკვლელობას „ჭრილობა მთელი ევროპისთვის“ უწოდა, რამაც მაკრონს აიძულა, ეთქვა მისთვის, არ ჩარეულიყო საფრანგეთის საქმეებში.
დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო AFP-მ კვირას ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაღალი დონის ფრანგულ-იტალიური სამიტი გადაიდო, თუმცა გაურკვეველია, არის თუ არა ეს ამბავი დერანკის სიკვდილთან დაკავშირებული.
მაკრონის თქმით, საფრანგეთის მთავრობა მომავალ კვირას გამართავს შეხვედრას „ძალადობრივი სამოქმედო ჯგუფების“ შესახებ, რომლებიც აქტიურები არიან და აქვთ კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან გამოძიება გრძელდება. „რესპუბლიკაში არანაირი ძალადობა არ არის ლეგიტიმური“, - განაცხადა მაკრონმა შაბათს. „მილიციებისთვის ადგილი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიან ისინი“.
#საფრანგეთი
#პროტესტი
#ემანუელ მაკრონი
#ულტრამემარჯვენე
#დაძაბულობა
#ჟან-ლუკ მელანშონი
#ლიონი
#კვენტინ დერანკი
#ულტრამემარცხენე
#lfi
#პოლიტიკური ძალადობა
წყარო: www.dw.com
გაზიარება