პოლიციის ცნობით, ქალს ცხოველის მიტოვებისთვის ბრალი წარუდგინეს მას შემდეგ, რაც მან სავარაუდოდ თავისი ორწლიანი ძაღლი ლას-ვეგასის აეროპორტში დატოვა. ოფიცრებმა „გოლდენ დუდლი“/„მინი პუდელი“ ჰარი რიდის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ზომის შესამოწმებელ მოწყობილობაზე მიბმული იპოვეს, მას შემდეგ, რაც მათ სხვა მოგზაურებმა შეატყობინეს. ცხოველის პატრონი გასასვლელთან შეაჩერეს. პოლიციის განცხადებით, ძაღლი ცხოველთა დაცვის სამსახურმა აიყვანა, მაგრამ რადგანაც პატრონი აღარ დაბრუნდა, მოგვიანებით ცხოველი საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათ უამრავი განაცხადი მიიღეს ძაღლის ასაყვანად. ხელისუფლებამ მას „ჯეტ ბლუ“ შეარქვა, რადგან ის ავიაკომპანიის ბილეთების დახლთან მიატოვეს. ინციდენტის ვიდეოში ჩანს უსახელო ქალი, რომელიც 2 თებერვალს თავის ძაღლთან ერთად ბილეთების დახლთან მიდის და ავიაკომპანიის პერსონალს ესაუბრება, შემდეგ კი მიდის და ძაღლს საბლით ტოვებს. პოლიციის ცნობით, ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ არ ჰქონდა საჭირო დოკუმენტები ცხოველთან ერთად, როგორც მომსახურე ძაღლთან ერთად მოგზაურობისთვის, რის შემდეგაც მას ჩასხდომის ბარათი არ მისცეს. ძაღლის მიტოვების შემდეგ, ის გასასვლელთან წავიდა, სადაც ის ოფიცრებმა იპოვეს. „კითხვაზე, თუ რატომ მიატოვა ძაღლი, მან განაცხადა, რომ ავიაკომპანია მას არ მისცემდა მასთან ერთად ფრენის უფლებას და ამტკიცებდა, რომ ძაღლს ჰქონდა თრექინგ მოწყობილობა – რაც გულისხმობდა, რომ ცხოველის დატოვება მისაღები იყო და ის მასთან დაბრუნდებოდა,“ – ნათქვამია ლას-ვეგასის პოლიციის განცხადებაში. მათ დაამატეს, რომ „ის გახდა აგრესიული და წინააღმდეგობა გაუწია ოფიცრების დაკავების მცდელობებს“. პოლიციის ცნობით, ქალს ასევე ბრალი წაუყენეს დაკავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. „არ გვჯერა, რომ ამის თქმა გვიწევს... მაგრამ გთხოვთ, არ მიატოვოთ თქვენი ძაღლი აეროპორტში – ან სადმე სხვაგან,“ – აღნიშნა პოლიციამ Facebook-ის პოსტში. „გოლდენ დუდლი“/„მინი პუდელი“ 10 დღით ცხოველთა დაცვის სამსახურში მოათავსეს, რაც სავალდებულო ვადაა პატრონისთვის ძაღლის დასაბრუნებლად. ვინაიდან ქალი აღარ დაბრუნდა, ძაღლი დროებით მზრუნველობაში გადავიდა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ლას-ვეგასის რეტრივერების გადარჩენა“ (Retriever Rescue of Las Vegas) განაცხადა, რომ მათ „ჯეტ ბლუს“ შესახებ „უამრავი განაცხადი და შეკითხვა“ მიიღეს.