კალიფორნიაში, ტაჰოს ტბასთან ახლოს მდებარე მთებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად რვა მოთხილამურე გარდაცვლილი იპოვეს, განაცხადეს ხელისუფლებაში. კიდევ ერთი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, ოპერაციები კი გადარჩენიდან ცხედრების მოძიებაზე გადადის, განაცხადა ნევადის ოლქის შერიფმა შენენ მუნმა პრესკონფერენციაზე. „ამ დროისთვის კვლავ ვეძებთ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს“, - განუცხადა მუნმა ადგილობრივ პრესას. 15-კაციანი ჯგუფი სიერა ნევადაში სამდღიან ლაშქრობაში იმყოფებოდა, როდესაც ზამთრის ქარიშხალი დაატყდა თავს. იგივე ჯგუფის კიდევ ექვსი მოგზაური სამშაბათს გადაარჩინეს. მუნის თქმით, ექვსმა ადამიანმა გამოიყენა თავისი აღჭურვილობა ქარიშხლისგან თავშესაფრისთვის და ყველაფერი გააკეთა, რათა სითბო შეენარჩუნებინა. რეგიონში არსებული პირობების აღწერისას, მუნმა აღნიშნა, რომ მათთვის „ექსტრემალურის“ წოდება „რბილი ნათქვამი“ იქნებოდა თოვლისა და ძლიერი ქარის გამო, რომელიც „ხილვადობას შეუძლებელს ხდის“. ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ზვავის რისკი მაღალი რჩება და რეკომენდაცია გასცა, თავი შეეკავებინათ რეგიონში მოგზაურობისგან, რადგან თოვლი და ქარბუქი თოვლს არასტაბილურს და არაპროგნოზირებადს ხდის. რეგიონში კიდევ მეტი თოვლია მოსალოდნელი. ეს იყო ყველაზე მომაკვდინებელი ზვავი აშშ-ში 1981 წლის შემდეგ, როდესაც ვაშინგტონის შტატში, რეინიერის მთაზე თერთმეტი ალპინისტი დაიღუპა. კოლორადოს ზვავის ინფორმაციის ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე სეზონზე აშშ-ში ზვავის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი იანვარში, კასლ პიკზე.