დანაშაული
/
22.02.2026
ინდოეთი: ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი ქალისა და მისი 10 თვის შვილის მკვლელობისთვის ოთხი პირი დააკავეს
ინდოეთის აღმოსავლეთ შტატ ჯარხანდში ოთხი პირი დააკავეს ჯადოქრობის პრაქტიკაში ეჭვმიტანილი ქალისა და მისი 10 თვის შვილის ცოცხლად დაწვის ბრალდებით. თავდასხმის შედეგად ქალის ქმარიც მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალიზებულია. პოლიცია აცხადებს, რომ დამატებით ეჭვმიტანილებს ეძებს. მსგავსი შემთხვევები ხშირად ფიქსირდება დაუცველ ტომთა დასახლებებში, სადაც ცრურწმენები მძლავრობს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა არ ფუნქციონირებს.
ინდოეთის აღმოსავლეთ შტატ ჯარხანდში ოთხი პირი დააკავეს მიმდინარე კვირის დასაწყისში ჯადოქრობის პრაქტიკაში ეჭვმიტანილი ქალისა და მისი 10 თვის შვილის ცოცხლად დაწვის ბრალდებით. ქალის ქმარს, რომელიც ასევე თავდასხმის მსხვერპლი გახდა, მძიმე დამწვრობა აქვს და საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციის განცხადებით, ისინი სხვა შესაძლო მონაწილეებსაც ეძებენ. ბრალდებულები დაკავებულები არიან და ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დანაშაულის ჩანაწერების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2000-დან 2016 წლამდე ინდოეთში ჯადოქრობაში ეჭვის გამო 2500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, რომელთა უმეტესობა ქალები იყვნენ. ჯიოტი სინკუს და მისი შვილის სამშაბათს მომხდარი მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე თვის წინ მეზობელ ბიჰარის შტატში ოჯახის ხუთი წევრი სასტიკად მოკლეს და, სავარაუდოდ, ცოცხლად დაწვეს ჯადოქრობის პრაქტიკის ბრალდებით. ასეთი შემთხვევები ხშირად ფიქსირდება დაუცველ ტომთა დასახლებებში, სადაც ცრურწმენები მძლავრობს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის არარსებობა სამედიცინო რჩევისთვის შარლატანებზე დამოკიდებულებას იწვევს.
ჯარხანდში მკვლელობები სოფელ კუდსაიში მოხდა, რომელიც დაშორებული ტომობრივი დასახლებაა და დაახლოებით 50 ტალახის სახლს მოიცავს. ის შტატის დედაქალაქ რანჩიდან 250 კმ-ით (155,3 მილი) არის დაშორებული. ძალადობა, როგორც ჩანს, სოფელში ბოლოდროინდელმა ინციდენტებმა გამოიწვია, მათ შორის პირუტყვის უეცარი სიკვდილის ჭორებმა და ადგილობრივი მამაკაცის, პუსტუნ ბირუას ავადმყოფობამ და სიკვდილმა. მისმა მეუღლემ, ჯანო ბირუამ განაცხადა, რომ მან არაოფიციალურ სამედიცინო მომსახურებას მიმართა (რაც ჩვეულებრივი მოვლენაა სოფლებში, სადაც ექიმები არ არიან ხელმისაწვდომი), როდესაც მისმა ქმარმა შფოთვა და გულის წასვლები დაიწყო. მან უთხრა ქალს, რომ მის ქმარს ფიზიკური დაავადება არ ჰქონდა. კითხვაზე, თუ რატომ არ წაიყვანა ის საავადმყოფოში, ქალმა უპასუხა: „ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ, ამიტომ მისი ასე შორს წაყვანა შეუძლებელი იყო.“ ამასობაში, გავრცელდა ჭორები, რომ ჯიოტი სინკუ ჯადოქრობას მისდევდა და მამაკაცის ავადმყოფობაზე პასუხისმგებელი იყო. პუსტუნ ბირუა სამშაბათს საღამოს გარდაიცვალა.
იმ ღამეს, ჯიოტის ქმრის, კოლჰან სინკუს (რომელიც საავადმყოფოშია) თქმით, დაახლოებით ათიოდე კაცისგან შემდგარმა ბრბომ, მათ შორის ხუთმა ქალმა, მათ სახლში შევარდა და ცეცხლი წაუკიდა მის მეუღლესა და შვილს. საავადმყოფოს საწოლიდან მომხდარი საშინელების გახსენებისას, მან თქვა: „მე ვეხვეწებოდი, რომ საკითხი სოფლის საბჭოზე გადაწყვეტილიყო, მაგრამ თავდამსხმელებმა არ მომისმინეს.“ კოლჰან სინკუსა და ოჯახის სხვა წევრის ჩვენებების საფუძველზე, რაიონულმა პოლიციამ მკვლელობისა და კრიმინალური შეთქმულების ფაქტზე საჩივარი დაარეგისტრირა. პოლიცია აცხადებს, რომ ოთხი მამაკაცია დაკავებული და სპეციალური საპოლიციო ჯგუფი შეიქმნა ბრბოს სხვა წევრების დასადევნებლად. მათ დასძინეს, რომ მოაწყობენ პროგრამებს სოფლად, რათა აამაღლონ ცნობიერება ცრურწმენების წინააღმდეგ.
წყარო: www.bbc.com
გაზიარება