ევროკავშირი 2027 წელს რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტას გეგმავს. თუმცა, მისი დაპირება დივერსიფიკაციისა და განახლებად ენერგიაზე გადასვლის შესახებ საფრთხის ქვეშ დგება, რადგან აშშ-დან მიწოდებული თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) ბლოკის ბაზრებს ავსებს. 2021 წელს ევროპა ბუნებრივი გაზის დაახლოებით 50%-ით რუსეთზე იყო დამოკიდებული, რომლის უმეტესი ნაწილი მილსადენებით მიეწოდებოდა. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს შეჭრის შემდეგ, ევროპამ სწრაფად იმოქმედა ამ დამოკიდებულების შესაზღუდად და სამი წლის განმავლობაში მოთხოვნა ორი მესამედით შეამცირა. ამავდროულად, ევროპას ჩამოუყალიბდა არასასურველი დამოკიდებულება აშშ-ის თხევად ბუნებრივ აირზე (LNG). რუსეთის შეჭრის შემდეგ „თავისუფლების გაზად“ მონათლული LNG ატლანტის ოკეანის გავლით, ევროკავშირის ახალი ტერმინალების ქსელით, სულ უფრო მზარდი მოცულობით მიეწოდება. 2025 წლისთვის ევროკავშირში LNG იმპორტის დაახლოებით 57% აშშ-დან მოდიოდა – ეს 2021 წლის დონეზე დაახლოებით ოთხჯერ მეტია. ენერგეტიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის (IEEFA) – ენერგეტიკის ფინანსური ანალიტიკოსების გლობალური გუნდის – ანალიზის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, 80%-მდე გაიზრდება. აშშ-ს 2016 წლამდე გაზი არ გაჰქონდა ექსპორტზე, რადგან მისი მარაგი შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. მას შემდეგ ის LNG-ის უმსხვილეს გლობალურ მიმწოდებლად იქცა. ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაზი ევროკავშირის ენერგეტიკული ტრანზიციის ნაწილად დარჩება და ევროპის მარაგის უმეტესი ნაწილი ნორვეგიიდან მილსადენებით მოდის, აშშ-ის LNG იმპორტის ექსპონენციალურმა ზრდამ შესაძლოა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გეგმები ჩაშალოს. IEEFA-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკულ LNG-ზე გადაჭარბებული დამოკიდებულება „ეწინააღმდეგება“ 2022 წლის REPowerEU გეგმას, რომლის მიზანია ევროპის დამოკიდებულების დასრულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე „ენერგიის დაზოგვის, მიწოდების დივერსიფიკაციისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების“ გზით. ატლანტის ოკეანის გაღმიდან გაზის მოზღვავება ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიზანს, რომ ენერგია უფრო იაფი გახადოს. „აშშ-ის LNG ყველაზე ძვირია ევროკავშირის მყიდველებისთვის, მაგრამ ევროპული კომპანიები აგრძელებენ კონტრაქტების ხელმოწერას“, – განაცხადა ანა მარია იალერ-მაკარევიჩმა, IEEFA-ს ევროპის ენერგეტიკის წამყვანმა ანალიტიკოსმა და ევროკავშირის მზარდი ენერგეტიკული დამოკიდებულების შესახებ ანგარიშის ავტორმა. ეს კონტრაქტები მოიცავს ახლადშექმნილი ერთობლივი საწარმოს, Atlantic-See LNG-ის შეთანხმებას, აშშ-ის LNG-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გავლით და პოტენციურად უკრაინისთვის მიწოდების შესახებ. გაზი ბერძნული ტერმინალებით, რეგიონის „ვერტიკალური გაზის დერეფნის“ მილსადენებით უნდა გადაიზიდოს. Reuters-ის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბერძნული საწარმო 24 თებერვალს აშშ-ის ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 15 მილიარდი კუბური მეტრი LNG-ის მიწოდება უზრუნველყოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის. Atlantic-See LNG-მ უკვე მოაწერა ხელი 20-წლიან შეთანხმებას Venture Global-თან, რომელიც ევროკავშირში LNG-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკელი მიმწოდებელია. ჯერ კიდევ 2023 წელს, გერმანიის სახელმწიფო კომპანია Securing Energy for Europe — ყოფილი Gazprom Germania — Venture Global-თან 20-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რათა ყოველწლიურად მილიონობით ტონა LNG შემოეტანა ლუიზიანას LNG ქარხნებიდან. Venture Global-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ სეიბელმა განაცხადა, რომ ის „მადლიერი იყო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობისთვის“ და მათთვის, „ვინც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ამერიკული LNG-ის შემდგომ ვაჭრობას უწყობს ხელს“. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი „გლობალური ენერგეტიკული დომინირების“ მიზანი წამოაყენა და 2025 წლის ივლისში მოლაპარაკება გამართა ევროკავშირ-აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც ევროპას ავალდებულებს, 2028 წლისთვის ყოველწლიურად შეიძინოს 750 მილიარდი დოლარის (629 მილიარდი ევრო) ამერიკული ენერგია (LNG, ნავთობი და ბირთვული ენერგია). „აშშ-ევროკავშირის ენერგეტიკულმა შეთანხმებამ ევროპაზე ზეწოლა მოახდინა, რომ მეტი ამერიკული ენერგია ეყიდა“, – განაცხადა იალერ-მაკარევიჩმა შეთანხმებაზე, რომელიც, ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, გაზრდის „მაღალი რისკის მქონე გეოპოლიტიკური დამოკიდებულების“ რისკს ამერიკულ LNG-ზე. IEEFA-ს ანგარიშის მიხედვით: „შეთანხმება ეფექტურად უკავშირებს ევროკავშირის ენერგეტიკულ მიწოდებას ერთ გამყიდველთან, რაც საფრთხეს უქმნის ენერგოუსაფრთხოებას და გაზის მოხმარების შემცირების გეგმებს.“ აშშ-ის გაზზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, გაიზრდება მაშინაც, როდესაც 2027 წლის ბოლოს ევროკავშირი რუსული გაზის მიმდინარე იმპორტის სრულად აკრძალვას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ევროპარლამენტმა რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა დაამტკიცა, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მხოლოდ რუსული იმპორტის შეწყვეტა დივერსიფიკაციას არ უზრუნველყოფს. „დივერსიფიკაცია არ შეიძლება ნიშნავდეს ერთი დომინანტი მიმწოდებლის მეორით ჩანაცვლებას“, – განაცხადა რაფიელე პირიამ, ბერლინის ეკოლოგიური ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, იანვრის პოლიტიკურ მოხსენებაში. „ევროპას სჭირდება დივერსიფიკაციის მკაფიო განმარტება და სტრატეგია, რომელიც დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობას ასახავს“. უფრო მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტის მუქარამ, დაუწესოს ტარიფები ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც არ შეასრულებენ მის მოთხოვნებს გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებით, ბრიუსელს აიძულა გადაეხედა აშშ-ის გაზზე დამოკიდებულებისთვის. „ამ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროს, ევროპა უნდა იყოს ძლიერი და გაერთიანებული – და აირჩიოს დამოუკიდებლობა. ეს ნიშნავს სუფთა, უსაფრთხო, შიდა წარმოების ენერგიის განვითარების გაძლიერებას“, – განაცხადა ევროკომისიის ენერგეტიკისა და საცხოვრისის კომისარმა, დან იორგენსენმა, იანვრის ბოლოს ჰამბურგში გამართულ ჩრდილოეთის ზღვის სამიტზე. „ერთობლივი ოფშორული ქარის ენერგიის საინვესტიციო პაქტი“ იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ღონისძიებიდან, რომელიც სამიტზე შეთანხმდა და მიზნად ისახავს ევროკავშირში დამოუკიდებელი და სუფთა ენერგიის უზრუნველყოფას. იორგენსენმა იანვარში განაცხადა, რომ ევროპამ გაზი კანადის, ყატარისა და ალჟირის მსგავსი ქვეყნებიდანაც უნდა მოიპოვოს. „ევროპაში ენერგეტიკის მომავალი შესაძლოა იცვლებოდეს“, – აღნიშნა იალერ-მაკარევიჩმა ცვალებად ტენდენციებზე საუბრისას.