მეცნიერება
/
14.02.2026
ესპანეთში აღმოჩენილი პაწაწინა დინოზავრი „ფოსკეია“ ორნიტოპოდების ევოლუციის შესახებ წარმოდგენებს ცვლის
მეცნიერებმა ესპანეთში ახალი, პატარა დინოზავრის, „ფოსკეია პელენდონუმის“ ნამარხები აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ორნიტოპოდების ევოლუციის შესახებ არსებული შეხედულებები. ნახევარ მეტრზე ოდნავ მეტი სიგრძის მიუხედავად, ამ მცენარისმჭამელ დინოზავრს რთული ანატომია აქვს და, როგორც მკვლევრები ამბობენ, ავსებს ევოლუციური ისტორიის 70-მილიონწლიან ხარვეზს.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ესპანეთში აღმოჩენილი ახალი, პატარა დინოზავრის ნამარხები შესაძლოა ცვლიდეს ორნიტოპოდების ევოლუციის შესახებ არსებულ წარმოდგენებს. ესპანეთში აღმოჩენილ ნამარხებს შეუძლია ახალი მინიშნებები მოგვცეს დინოზავრების ევოლუციის შესახებ, ნათქვამია კვირას გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Papers in Paleontology-ში დაიბეჭდა.
ჩრდილოეთ ესპანეთის სალას დე ლოს ინფანტესის დინოზავრების მუზეუმის თანამშრომელმა ფიდელ ტორსიდა ფერნანდეს-ბალდორმა აღმოაჩინა ნამარხები, რომლებიც ერთად სულ მცირე ხუთ ინდივიდუალურ დინოზავრს წარმოადგენს. მუზეუმი ფოკუსირებულია ცარცული პერიოდის ნამარხებზე.
„თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ძვლები გამორჩეული იყო მათი მცირე ზომის გამო. არანაკლებ შთამბეჭდავია, როგორ ცვლის ამ ცხოველის შესწავლა ორნიტოპოდების დინოზავრების ევოლუციის შესახებ გლობალურ იდეებს“, - განაცხადა მან ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (რომელმაც წვლილი შეიტანა კვლევაში) პრესრელიზში.
მცენარისმჭამელი ორნიტოპოდები დინოზავრების შვიდი ძირითადი ჯგუფიდან ერთ-ერთია. სახელი „ორნიტოპოდი“ ნიშნავს „ჩიტის ტერფს“, რადგან ეს დინოზავრები ორ ფეხზე იდგნენ. იგუანოდონი, რომლის სიგრძე ცხრა მეტრს (30 ფუტი) აღწევდა, ორნიტოპოდების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა.
ახლად აღმოჩენილი „ფოსკეია პელენდონუმის“ ნამარხები აჩვენებს, რომ დინოზავრის სიგრძე ნახევარ მეტრზე ოდნავ მეტი, ანუ დაახლოებით 20 ინჩი იყო. ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის თანახმად, ბერძნულიდან (საიდანაც მრავალი დინოზავრის სახელია ნაწარმოები) სახელი „ფოსკეია“ ნიშნავს „მსუბუქ საკვების მოძიებას“.
„ეს არ არის „მინი იგუანოდონი“, ეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული რამ... მისი ანატომია უცნაურია ზუსტად ისეთი თვალსაზრისით, რომელიც ევოლუციურ ხეებს თავიდან დაწერს“, - განაცხადა პენელოპე კრუზადო-კაბალერომ ესპანეთის ლა ლაგუნას უნივერსიტეტიდან.
პალეონტოლოგებმა განაცხადეს, რომ ისინი მოხიბლულნი არიან ფოსკეიას პაწაწინა თავის ქალის სირთულით. კორდობას ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომელმა მარკოს ბესერამ განაცხადა, რომ „მინიატურიზაცია არ გულისხმობდა ევოლუციურ სიმარტივეს – ეს თავის ქალა უცნაური და ჰიპერ-განვითარებულია“, ნათქვამია პრესრელიზში.
სენტ ვიქტუარის ბუნებრივი ნაკრძალის თანამშრომელმა ტიერი ტორტოსამ განაცხადა, რომ დინოზავრი „ეხმარება 70-მილიონიანი წლის ხარვეზის შევსებას, ეს არის პატარა გასაღები, რომელიც ხსნის უზარმაზარ დაკარგულ თავს.“
პოლ-ემილ დიოდონემ, არგენტინის რიო ნეგროს ეროვნული უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, დაწერა, რომ ფოსკეიას „ექსტრემალური სიპატარავე“ აღსანიშნავი იყო. „თუმცა ის ინარჩუნებს მაღალგანვითარებულ თავის ქალას მოულოდნელი ანატომიური ინოვაციებით.“
„ეს ნამარხები ამტკიცებს, რომ ევოლუცია ისევე რადიკალურად ექსპერიმენტებს ატარებდა მცირე ზომის სხეულებზე, როგორც დიდებზე. დინოზავრების კვლევის მომავალი დამოკიდებულია მოკრძალებულ, ფრაგმენტულ, პატარა ნაწილებზე ყურადღების მიქცევაზე.“
წყარო: www.dw.com
გაზიარება