„დრუჟბას“ ნავთობსადენმა უნგრეთსა და ევროკავშირს შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე დაპირისპირება გამოიწვია. ლონდონიდან იუწყებიან, რომ გაერთიანებული სამეფოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ბოლო რაუნდმა გამონაკლისი დაუშვა ნავთობსადენისთვის, რომელიც უნგრეთსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის მწვავე დავის ცენტრშია. სამშაბათს ლონდონმა რუსეთის წინააღმდეგ თითქმის 300 ახალი სანქცია გამოაცხადა, რაც ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავს დაემთხვა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი „გადამწყვეტ ზომებს“ მიმართავს „შემოსავლების წყაროების“ წინააღმდეგ, რომლებიც „რუსეთის აგრესიას უწყობს ხელს“. სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა ნავთობის სატრანსპორტო ფირმა „ტრანსნეფტი“, რომელიც „დრუჟბას“ ნავთობსადენის რუსულ სეგმენტს მართავს. აღნიშნული ნავთობსადენი დღემდე ამარაგებს საწვავით უნგრეთსა და სლოვაკეთს. საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) განცხადებით, ფირმა „პასუხისმგებელია რუსული ნავთობის ექსპორტის 80 პროცენტზე მეტის ტრანსპორტირებაზე, რაც კიდევ უფრო აფერხებს კრემლის სასოწარკვეთილ მცდელობას, იპოვოს მყიდველები სანქცირებული ნავთობისთვის“. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტში „დრუჟბას“ ნავთობსადენი რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში „გამონაკლის პროექტებს“ შორის არის ჩამოთვლილი. ბოლო დღეებში, ეს ნავთობსადენი უნგრეთსა და ბრიუსელს შორის უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული მწვავე დავის ეპიცენტრშია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიევი დაადანაშაულა იმაში, რომ ის მიზანმიმართულად აჭიანურებს ნავთობსადენის უკრაინული მონაკვეთის შეკეთებას მას შემდეგ, რაც ის იანვარში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა (უკრაინის მტკიცებით). ამ დავის გამო ბუდაპეშტი ამჟამად ბლოკავს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს უკრაინისთვის. უნგრეთი კვლავ მძიმედ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა 2022 წელს აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი, გამონაკლისი დაუშვა ნავთობსადენით მიწოდებისთვის, რასაც უნგრეთი და სლოვაკეთი დღემდე იყენებენ. გაერთიანებულმა სამეფომ ასევე აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი. ორშაბათს უკრაინამ დრონებით შეუტია სატუმბო სადგურს, რომელიც „დრუჟბას“ ნავთობსადენის მიწოდების საკვანძო კერას წარმოადგენს. საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. სანქციები ასევე დაუწესდა რუს ნავთობის ტრეიდერებს, სამ ბირთვულ ენერგოკომპანიას და რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ორ ექსპორტის ტერმინალს – „პორტოვოიასა“ და „ვისოცკს“.