ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მაგისტრალზე მომხდარ ავტობუსის ავარიას სულ მცირე ექვსი მგზავრი ემსხვერპლა, კიდევ 46 ადამიანი კი სამკურნალოდ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სან-პაულუს შტატის სახანძრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ავარია ორშაბათს დილით, BR-153 მაგისტრალზე, ქალაქ მარილიასთან ახლოს მოხდა. დაშავებული მგზავრების მდგომარეობა დაუყოვნებლივ არ იყო ცნობილი. ადგილობრივი გაზეთები, ბრაზილიის ფედერალური საგზაო პოლიციის განცხადებებზე დაყრდნობით, იტყობინებიან, რომ ავტობუსს ფერმის მუშები გადაჰყავდა ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მარანიაოდან სამხრეთით მდებარე სანტა-კატარინას შტატში ვაშლის მოსავლის ასაღებად. ბრაზილიურმა გაზეთმა Folha de S.Paulo-მ განაცხადა, რომ სატრანსპორტო საშუალება გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა მას შემდეგ, რაც მისი მარცხენა უკანა საბურავი გასკდა, რის გამოც მძღოლმა კონტროლი დაკარგა. ბრაზილიაში სასიკვდილო საგზაო ავარიები გავრცელებულია. თებერვლის დასაწყისში, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, როდესაც ავტობუსი მოსახვევში გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ ალაგოასში. ოქტომბერში, 17 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ პერნამბუკოში, როდესაც მძღოლმა ავტობუსის მართვა დაკარგა. ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ბრაზილიაში საგზაო შემთხვევებში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.