ბონდის სანაპიროზე მომხდარ ტერაქტში ბრალდებული ნავიდ აკრამი ორშაბათს პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე, მომხდარიდან ორი თვის შემდეგ. ის და მისი მამა ავსტრალიის თითქმის 30-წლიან ისტორიაში ყველაზე მძიმე მასობრივ სროლაში არიან ბრალდებულნი. 24 წლის ბრალდებული სიდნეის სასამართლოში დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ვიდეო ბმულით, ციხიდან ჩაერთო. მას ბონდის სანაპიროზე სროლასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის 15 მკვლელობისთვის და ერთი ტერორისტული აქტის ჩადენისთვის. ნავიდი და მისი მამა, საჯიდი, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ცნობილ სანაპიროზე ხანუქას ღონისძიებას თავს დაესხნენ, რა დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. 50 წლის საჯიდი პოლიციამ ადგილზე მოკლა, ნავიდი კი მძიმედ დაშავდა და მოგვიანებით საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანეს. ორშაბათი პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც აკრამი დააკავეს, როდესაც ის ეკრანზე გამოჩნდა და ისაუბრა – მან მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, როდესაც მთავარმა მაგისტრატის მოადგილემ შერონ ფროინდმა ჰკითხა, მოისმინა თუ არა ინფორმაციის გასაიდუმლოების ბრძანებების ვადის გაგრძელების შესახებ: „კი“. სასამართლოს ეს ბრძანებები სროლის შედეგად გადარჩენილთა ვინაობას იცავს, თუმცა მათ უფლებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინონ. სასამართლოს გარეთ, აკრამის ადვოკატმა, ბენ არჩბოლდმა, ავსტრალიის მაუწყებლობის კორპორაციის ცნობით, განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა პოზიციას დაიკავებს მისი კლიენტი ბრალდებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გულბურნის სუპერმაქსის ციხეში ყოფნისას აკრამი „ისე კარგად გრძნობდა თავს, როგორც მოსალოდნელი იყო“. „ყველამ იცის, რომ ეს სუპერმაქსის ციხეა… იქ ძალიან მძიმე პირობებია,“ განუცხადა არჩბოლდმა ჟურნალისტებს. კითხვაზე, მისცა თუ არა აკრამმა პოლიციას ჩვენება, მან განაცხადა: „ჩვენ ჯერ მხოლოდ პროცესი დავიწყეთ. ველოდებით საქმის მასალების მიღებას. მეტის თქმა არ შემიძლია.“ დეკემბრის ბოლოს გასაჯაროებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ორმა თავდამსხმელმა ბონდის სანაპიროზე თავდასხმა თვეების განმავლობაში „გულდასმით“ დაგეგმა და ორი დღით ადრე დაათვალიერეს კიდეც ადგილი. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ოქტომბერში მათი მობილური ტელეფონით არის გადაღებული, ჩანს, თუ როგორ სხედან ეს პირები ისლამური სახელმწიფოს (IS) დროშის გამოსახულების წინ. პოლიციის ცნობით, ვიდეოში ისმის მათი განცხადებები თავდასხმის მოტივებზე და „სიონისტების ქმედებების“ დაგმობა. პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ოქტომბერში გადაღებული ცალკეული კადრები ასახავს მამა-შვილის „ცეცხლსასროლი იარაღით წვრთნას სოფლის უბანში“, სავარაუდოდ, ახალ სამხრეთ უელსში. „ისინი სანადირო თოფებიდან ისროდნენ და ტაქტიკური მოძრაობებით გადაადგილდებოდნენ,“ – დაამატეს ოფიციალურმა პირებმა. ხელისუფლებამ ადრე დაადასტურა, რომ ბონდის სანაპიროზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა შორის იყვნენ ორი რაბინი, ჰოლოკოსტის გადარჩენილი და 10 წლის გოგონა. აკრამი სასამართლოში მომდევნო გამოცხადებას აპრილში ელოდება. Copyright 2026 BBC. ყველა უფლება დაცულია. BBC არ არის პასუხისმგებელი გარე საიტების შინაარსზე. წაიკითხეთ ჩვენი მიდგომის შესახებ გარე ბმულებთან დაკავშირებით.