ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ამჟამად სამეფო ტახტის მემკვიდრეობის რიგში, პრინცესა ლილიბეტის შემდეგ, მერვე ადგილზეა. მისი ჩამოშორება ბრიტანეთის პარლამენტის საკანონმდებლო აქტსა და თანამეგობრობის სამეფოების მხარდაჭერას მოითხოვს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა წერილებს უგზავნიდა თანამეგობრობის სამეფოებს, რომ მხარს დაუჭერდა ყოფილი პრინცი ენდრიუს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის რიგიდან ჩამოშორებას. ალბანეზემ თქვა, რომ კონტაქტზე იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ყოფილ სამეფო პირთან დაკავშირებით, რომელიც თანამდებობრივი გადაცდომის ბრალდებით გამოძიების ქვეშ იმყოფება, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ახალი ინფორმაცია მისი კავშირების შესახებ გარდაცვლილ სექსუალურ მოძალადე ჯეფრი ეპშტეინთან. „ავსტრალიას უყვარს პირველობა და ჩვენ დავრწმუნდით, რომ ყველამ იცის ჩვენი პოზიცია. დღესვე მივწერთ სხვა სამეფო ქვეყნებსაც, რათა ვაცნობოთ ჩვენი პოზიციის შესახებ“, - განუცხადა ალბანეზემ საზოგადოებრივ მაუწყებელს ABC. ალბანეზემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავსტრალიელები „შეძრწუნებული“ იყვნენ „მძიმე“ გამოვლინებებით. „მეფე ჩარლზმა განაცხადა, რომ კანონმა სრულად უნდა იმოქმედოს. უნდა ჩატარდეს სრული, სამართლიანი და სათანადო გამოძიება. და ეს უნდა მოხდეს“, - დასძინა მან. იმავდროულად, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის კრისტოფერ ლაქსონის ოფისმა სამშაბათს მედიისთვის გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა, რომ ისიც მხარს დაუჭერდა ასეთ ნაბიჯს. „მთავარი ის არის, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და როგორც კი გამოძიება დასრულდება, თუ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გადაწყვეტს მის ჩამოშორებას მემკვიდრეობის რიგიდან, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ“, - განუცხადა ლაქსონმა ჟურნალისტებს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ. ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, ყოფილი პრინცი ენდრიუ, გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედ II-ის მესამე შვილია. ის ამჟამად სამეფო ტახტის მემკვიდრეობის რიგში მერვე ადგილზეა, პრინცი უილიამის, პრინცი ჯორჯის, პრინცესა შარლოტის, პრინცი ლუის, პრინცი ჰარის, პრინცი არჩის და პრინცესა ლილიბეტის შემდეგ. გასულ კვირას მაუნტბატენ-უინძორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კონფიდენციალური სამთავრობო დოკუმენტების გაჟონვის ეჭვით დააკავეს. ბრალდებები მომდინარეობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ე.წ. ეპშტაინის ფაილების ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან. გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ მაუნტბატენ-უინძორი 11-საათიანი დაკავების შემდეგ „გამოძიების ქვეშ“ გაათავისუფლა, თუმცა თავად დაპატიმრება უპრეცედენტო იყო თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში. მაუნტბატენ-უინძორმა უარყო ეპშტეინთან მისი კავშირებით გამოწვეული რაიმე არასწორი ქმედება, მაგრამ არ უპასუხა უახლეს ბრალდებებს. გამოძიების საპასუხოდ, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავს საკანონმდებლო აქტის შემოღებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილი პრინცი არასოდეს გახდეს მეფე. ოფიციალური ჩამოშორებისთვის თანამეგობრობის სამეფოების თანხმობაც იქნება საჭირო. ავსტრალია იყო ბრიტანეთის კოლონია და, შესაბამისად, თანამეგობრობის ნაწილი, ისევე როგორც ახალი ზელანდია. მიუხედავად იმისა, რომ მან დამოუკიდებლობა 1901 წელს მოიპოვა, ის არასოდეს გამხდარა სრულფასოვანი რესპუბლიკა და ფორმალურად კვლავაც ბრიტანეთის სუვერენს მიიჩნევს სახელმწიფოს მეთაურად. ალბანეზემ უარყო ამის შესაცვლელად რეფერენდუმის ჩატარების გეგმები. „მე რესპუბლიკელი ვარ. მისმა უდიდებულესობამ მეფე ჩარლზმაც კარგად იცის ეს. მაგრამ მთავრობას არ აქვს რაიმე გეგმა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ", - განაცხადა მან.